„მე ვქმნი იმას, რასაც ვგრძნობ. ჩემი აზრით, ზოგი ადამიანი აკეთებს მუსიკას იმისთვის, რომ ფული იშოვოს და “დენსფლორისთვის” ფუნქციონალური მუსიკა შექმნას. ეს არასდროს ყოფილა ჩემი იდეოლოგია. ხელოვნება – გულიდან!“. Adam Mitchell-ი Resident Advisor-ისთვის 2013 წელს ჩაწერილ ინტერვიუს ამ სიტყვებით იწყებს. მართლაც, ოცდაათწლიანი კარიერის განმავლობაში მან გადადგა მრავალი სარისკო ნაბიჯი. მარტივი მაგალითისთვის, მისმა მთავარმა მუსიკალურმა მონაპოვარმა, ლეიბლ Sonic Groove-მა დაარსებიდან დღემდე გიგანტური ტრანსფორმაცია განიცადა. თუ 90-იანებში ლეიბლი ამერიკული Funky ტექნოს არეალში ოპერირებდა, დღეს მისი იდენტობა გადაჯაჭვულია ანდერგრაუნდ ინდუსტრიულ სცენასთან.

Adam Mitchell-ი 80-იან წლებში ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული გრაფიტი არტისტი იყო, თუმცა პოლიციის გამუდმებულმა მონიტორინგმა მას ინტერესის სფეროს შეცვლისკენ უბიძგა. სწორედ ამ დროს მის ცხოვრებაში გამოჩნდა ტექნო და როგორც თვითონ ამბობს, რომ არა ტექნო იგი აუცილებლად ციხეში აღმოჩნდებოდა. პროექტ Adam X-ის ისტორია 1990 წელს ნიუ-იორკში იწყება, როდესაც თავის უფროს ძმასთან, Frankie Bones-თან ერთად დააარსა პირველი ტექნო ფირფიტების მაღაზია Groove Records, რომელმაც მალე უდიდეს წარმატებას მიაღწია და ამერიკულ ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი ტექნოს პროვაიდერი გახდა. მაღაზიის წარმატებასთან ერთად, Mitchell-ის დიჯეი კარიერაც დიდი წარმატებისკენ მიემართებოდა. 1991 წლიდან იგი ჩართული იყო ლეგენდარული Storm Rave-ის ივენთების სერიის ორგანიზებაში. 1995 წელს კი საფუძველი ჩაუყარა Sonic Groove-ს, რომელიც ჟანრობრივი მრავალფეროვნებით დღემდე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატია. დროთა განმავლობაში ლეიბლზე Kevin Saunderson-ისა და Dave Clarke-ის მაგვარ ცნობილ სახეებთან ერთად, გამოიცა ნაკლებად ცნობილი პროექტების (Orphx, Obtane, Ancient Methods …) ჟანრობრივად კარდინალურად განსხვავებული ნამუშევრებიც.

დროსთან ერთად Adam-ის მუსიკალური ინტერესების არეალი ფართოვდებოდა. 9-10 წლის ასაკში Black Sabbath-ისა და Led Zeppelin-ის გავლენას მომავალში დისკოც დაემატა, შემდეგ ტექნო, ხოლო 1999 წელს, როგორც თვითონ ყვება, მისმა მეგობარმა Clock DVA და ზოგადად EBM გააცნო. იმ მომენტში Adam-ს უკვე მობეზრებული ჰქონდა მისთვის ტრადიციული “loop” ტექნო, ხოლო EBM-მა Adam X აბსოლუტურად სხვა კურსით წაიყვანა. 2003 წელს  Adam-მა Sonic Groove-ზე EP “The Conflict”-ის სახით პირველად გამოსცა ინდუსტრიული ჟღერადობის რელიზი. მომავალში კი ლეიბლი იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ინდუსტრიულ პლატფორმად. ლეიბლის დიდი დამსახურებით, კანადური დუო Orphx ცნობადი გახდა ფართო საზოგადოებისთვის. 2009-2014 წლებში დუო ყოველ წელს ერთ EP-ს გამოსცემდა პლატფორმაზე, რაც ნათლად ასახავდა ლეიბლის ინდუსტრიულ კურსს. 2010 წელს კი გამოიცა ლეიბლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი “Cardiac Dysrhythmia”, Adam X-ისა და Ancient Methods-ის ლეგენდარული კოლაბორაციის შედეგი.

2000-იან წლებში Mitchell-ის ბერლინში გადაცხოვრებასთან ერთად საფუძვლიანად შეიცვალა მისი ტექნო პერსპექტივაც. როგორც მან არაერთ ინტერვიუში ახსენა, 2008 წელს Berghain-ში მიღებულმა გამოცდილებამ მას ცხოვრებაში ახალი მიზანი დაუსახა: შეექმნა მუსიკა, რომელსაც Berghain-ში დაუკრავდნენ. იმ პერიოდში Adam-ზე დიდ გავლენას ახდენდა Ben Klock-ისა და Marcel Dettmann-ის მიერ კვირას დილით Berghain-ში შესრულებული სეტები. ამ გამოცდილებამ მას უბიძგა შეექმნა ანონიმური პროექტი Traversable Wormhole, რომელიც უნიკალური იყო თავისი Sci-Fi ელემენტებით. Mitchell-ის ობსესია დისტოპიური და ფუტურისტული თემატიკით ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ნიუ-იორკში გრაფიტის ხატვით იყო დაკავებული. მისი ინტერესები ყოველთვის ჩანდა Adam X-ის სახელით გამოცემულ რელიზებსა და ტრეკების დასახელებებში, თუმცა Traversable Wormhole-ით იგი თითქოს პირდაპირ ასაზრდოებდა საკუთარ ინტერესებსა თუ ჰობებს.

Adam-ის მთავარი ღირებულება ალბათ მისი ადაპტაციის უნიკალური უნარია. წლებთან ერთად Mitchell-ის არეალი განუწყვეტლივ იზრდება და მოიცავს უდიდეს ჟანრობრივ დიაპაზონს. მისი მუდმივი თანამგზავრი Sonic Groove კი მუდმივად მხარს უბამს და ფეხდაფეხ მიჰყვება ჟანრებს შორის მოგზაურობაში. უდიდესი გამოცდილებისა და დამსახურების მქონე არტისტი ერთ-ერთია იმ ცოტა მუსიკოსს შორის, რომელმაც მოახერხა და თანამედროვე ჟღერადობა შეინარჩუნა. სამი ათწლეულის განმავლობაში მისმა მუსიკალურმა იდენტობებმა (Adam X, Traversable Wormhole, ADMX-71, Mass-X-Odus …) თამამად შეიძლება ითქვას, რომ დროის ტესტს გაუძლეს. ამერიკული ელექტრონული მუსიკის რეალობაში მუდამ ისმის ჩიკაგო და დეტროიტი. ეს ორი ტექნოსა და ჰაუსის ეპიცენტრი სცენის განვითარებაში შეტანილი წვლილის მიხედვით გვერდზე არცერთ სხვა ამერიკულ ქალაქს იყენებს. ეს რეალობა სამწუხაროა, რადგან ამ ორი ქალაქისადმი სენტიმენტს ეწირება ისეთი ისტორიები, რომლებიც 90-იანების ნიუ-იორკში იქმნებოდა.

8 მაისს, Adam X პირველად ეწვევა KHIDI-ს. მასთან ერთად დაუკრავენ კლუბის რეზიდენტები Phase Fatale და Vulkanski, ხოლო G2-ში Hidden Spheres და EL.