Close
  • No products in the cart.
back to top

Alessandro Adriani – Archaelogical Affair

Mannequin Records-ის ისტორია უკვე 10 წელზე მეტს ითვლის, თუმცა ლეიბლმა ფართო წრეებში დამსახურებული აღიარება მხოლოდ მას შემდეგ მოიპოვა, რაც Berghain ლეიბლის საღამოებს რეგულარულად მასპინძლობს. 2008 წელს ლეიბლი დააარსა ალესანდრო ადრიანიმ. მას შემდეგ, Mannequin Records „არქეოლოგიური გათხრების“ შედეგად ნაპოვნი მივიწყებული ტრეკების აღმოჩენაში უპირობო ლიდერია. ლეიბლის ერთ-ერთი პირველი მიღწევა “Danza Meccanica – Italian Synth Wave 1982 – 1987”-ს გამოცემა იყო. სხვადასხვა არტისტების ტრეკებით დაკომპლექტებული კომპილაცია იტალიური synth wave სცენის უხილავ გენიალურ ნამუშევრებს მოიცავს. 80-იან წლებში გამოცემული ტრეკების ძებნა და შემდგომ თავმოყრა დიდ სირთულეს წარმოადგენს, თუმცა არა ისეთი მელომანისთვის, როგორც ალესანდრო ადრიანია. მას შემდეგ, ლეიბლი კურსს ჯიუტად არ იცვლის. Mannequin Records-ისთვის არ აქვს მნიშვნელობა ჟანრებს და მის კატალოგს თანამედროვე ლეიბლისთვის არადამახასიათებელი ფართო მუსიკალური დიაპაზონი აქვს. თუმცა, ლეიბლს თან დაჰყვება უცვლელი ესთეტიური ხაზი და ის შეგრძნება, რომელიც მსმენელებს თითოეული ტრეკის მოსმენისას გვრჩება.

1970-1990 წლების იტალია განხეთქილების პირას მყოფი ქვეყანა იყო, რომელშიც ფაშისტური ტერორიზმი მძვინვარებდა. ასეთ გარემოში მოუწია ალესანდრო ადრიანის ბავშვობისა და თინეიჯერობის გატარება. სწორედ ამ ფაქტს მიაწერს პროდიუსერი იმას, რომ მის მიერ გამოცემული მუსიკას უფრო ბნელი ჟღერადობა აქვს. იგი ასევე აღნიშნავს, თუ რამდენად მძიმე იყო ახალგაზრდა მუსიკოსისთვის და მელომანისთვის „მარადიულ ქალაქში“ მოღვაწეობა, რადგან რომი თითქოს წარსულში იყო გაჭედილი. ამის მაგალითად ადრიანის მოჰყავს რომის მეტრო, რომელიც ისევე როგორც თბილისის, ორი ხაზისგან შედგება. რამდენჯერაც მესამე ხაზის გაყვანა მოინდომა ქალაქის მერიამ, იმდენჯერ გზად რაღაც ახალ არქეოლოგიურ არტეფაქტს წააწყდა და მეტროს გაფართოვების იდეაც წარსულს ჩაბარდა. რომის მუსიკალური ნაწილიც წარსულშია დარჩენილი, ხოლო ახალგაზრდა არტისტისთვის, რომელიც თავს საუნდ არქეოლოგად მიიჩნევს, რომი არ აღმოჩნდა შესაფერისი ქალაქი. მეტი ინსპირაციის მისაღებად, ადრიანის 700 კილომეტრით ჩრდილოეთით, იტალიის ყველაზე ინდუსტრიულ ქალაქ ტურინში უწევდა ჩასვლა. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ტურინს მის ბრიტანულ ექვივალენტ შეფილდს ადარებს, საიდანაც Clock DVA და Cabaret Voltaire გაიცნო მსოფლიომ. თუმცა, ადრიანისთვის ტურინული გამოცდილება საკმარისი არ აღმოჩნდა. არტისტს მეტი თავისუფლება და რეალიზება სჭირდებოდა. შედეგად, 2013 წელს ადრიანი ბერლინში გადასახლდა და Mannequin Records-მაც სიცოცხლის ახალი ეტაპი დაიწყო.

უკანასკნელ 6 წელში ლეიბლის პოპულარობა და გამოცემული მუსიკის რაოდენობაც პროპორციულად გაიზარდა. ზრდასთან ერთად კი ლეიბლის კატალოგიც გამრავალფეროვანდა. Mannequin Records-ზე ადრიანიმ მოახერხა და თავი მოუყარა ისეთ არტისტებს, რომლის სახელებსაც გვერდი-გვერდ ცოტა თუ დააყენებდა. დღეს ლეიბლების აბსოლუტური უმრავლესობა ჟანრობრივად შეზღუდულია, რაც მათ ერთფეროვნებას იწვევს და ლეგიტიმურიც კი არის რომ მათი უმრავლესობა დაარსებიდან ათი წლის თავზე აღარ არსებობს. Mannequin Records-ზე კი, ძველი ტურინული სცენის პროდიუსერების რელიზებთან ერთად Bourbonese Qualk-ის, Amato-ს და Tropic of Cancer-ის მუსიკაც გამოიცემა. ლეიბლის ფილოსოფია მარტივია, თუმცა დიდ შრომას მოითხოვს. ადრიანი ძირითადად არქეოლოგიით არის დაკავებული, ან ისეთ პროდიუსერებსა და ბენდებს ეძებს, რომლებითაც სხვა ლეიბლები არ დაინტერესდებიან არასაკმარისი კომერციული ღირებულების გამო. ამასთანავე, ადრიანი აქტიურად წერს მუსიკას, ხოლო მისი და Amato-ს 2019 წელს გამოცემული “Présence Du Future” წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია.

Mannequin Records-ის ფილოსოფიაც პირდაპირ არის თარგმნილი ადრიანის სეტებში. ტექნო სცენაზე გამოჩენისთანავე მან თავისი უნიკალური ხედვით დაგვამახსოვრა თავი. 4-საათიანი უცვლელი ჟღერადობის მქონე სეტების ნაცვლად, ადრიანი minimal wave-იდან italo-მდე ყველა ჟანრის მუსიკას იყენებს და ამას ისე ახერხებს, რომ სეტის დრამატურგია არასდროს ირღვევა. მონადირე – შემგროვებელი – კოლექტორის პრინციპით ორგანიზებულ ლეიბლზე კი ადრიანის მიდგომა მუსიკის მიმართ არ იცვლება. მთავარია, მუსიკას ადრიანისთვის სასურველი ღირებულებები და ემოციების დიდი შავი ღრუბელი დასდევდეს.

თბილისის ტექნო სცენის პოპულარულობის ზრდასთან ერთად, ქალაქში დამკვიდრდა „იტალიური ტექნო“-ს რამდენიმე დამახასიათებელი აღწერა. საქართველოში „ატმოსფერულ და ჰიპნოტურ“ ტექნოდ მოხსენიებული „იტალიური ტექნო“, კი რეალურად ბევრად ღრმაა და მრავალფეროვანი, ვიდრე ის დავიწროვებული და ზედაპირული შეფასება, რითიც მას აღმოსავლეთის ტექნოს დედაქალაქში მოვიხსენიებთ. ასევე გაუგებარია, თუ რატომ გამოვარჩევთ ტექნოს ეროვნული ნიშნით და საერთოდ რატომ გახდა ასეთი დახასიათების მოძებნა საჭირო. თავის მხრივ, ალესანდრო ადრიანი ბაზრის მიერ დაწესებულ ზემოთხსენებულ კლასიფიკაციებს თავისი გაწეული საქმით და მის მიერ თავმოყრილი უდიდესი მუსიკალური კატალოგით უპირისპირდება.