ბრუკლინელი Anthony Parasole-ის კარიერა ელექტრონულ სცენაზე შეგვიძლია კლიშეების დაუსრულებელ წინააღმდეგობად მივიჩნიოთ. იგი იმ იშვიათი დიჯეების სიას მიეკუთვნება, რომელიც Berghain-ის ჭარბი სექსუალური ენერგიით დახუთულ დენსფლორზე Nine Inch Nails-ს დაუკრავს. დენსფლორზე, რომელზეც ყველაზე შეუწყნარებელი მსმენელი დგას, რომელიც სცენის ჩაკეტილობამ კატეგორიულად ტექნო სივრცედ აქცია, სადაც ორშაბათ დილის დახურვის სეტზეც კი ცოტა თუ აძლევს თავს იმის უფლებას, რომ ბოლო ტრეკად Pet Shop Boys-ის, Madonna-ს ან სხვა პოპ/როკ არტისტის ნამუშევარი დაუკრას. ერთ-ერთ ინტერვიუში Anthony ამბობს: “2017 წლის ტექნო ინდუსტრიაში არსებობს ფორმულა თუ როგორი უნდა იყოს დახურვის სეტი. ბოლო ოთხი თუ ხუთი წელია დიჯეები მუდამ მიყოლებით უკრავენ ტექნო ტრეკებს და მხოლოდ ბოლო ტრეკით შეგიძლია თავს უფლება მისცე დაუკრა ის, რაც გსურს. მე გადავწყვიტე Berghain-ის დაუწერელი კანონი დამერღვია”.

Anthony Parasole-ის დიჯეი იდენტობის გასაგებად მის ახალგაზრდობაში უნდა დავბრუნდეთ. მისი მთავარი ინსპირაცია, ისევე როგორც მისი თანამედროვე ამერიკელი არტისტების, იყო 90-იანების ნიუ-იორკული სცენა. იმდროინდელ ბრუკლინში ტექნო, ჰაუსი, ჰიპ-ჰოპი, ფანკი და სხვები ერთად იყვნენ დაბლენდერებული. არ არსებობდა ისეთივე საზღვრები ჟანრებს შორის, როგორიც დღესაა. თუ დღეს დიფ ჰაუს მუსიკა 118 bpm-ის ფარგლებშია, 90-იანებში თავისუფლად შეიძლებოდა ტექნო და დიფ ჰაუს ტრეკების ერთად დაკვრა. მუსიკალურად მრავალფეროვან ქალაქში Parasole-მა 21-ე საუკუნის ტიპური დიჯეის შეცდომა არ დაუშვა და მიიღო მრავალი სხვადასხვა ჟანრის მუსიკა. ერთ უიქენდზე Junior Vazquez-სა და Danny Tenaglia-ს მოუსმენდა, ხოლო შემდეგზე, არალეგალურ რეივზე ნიუ-იორკის ტექნო ლეგენდებს, Adam X-სა და Frankie Bones-ს.
რამდენადაც ბრუკლინის მუსიკალური მხარე დამწყები დიჯეისთვის სამოთხეს ჰგავდა, იმდენადვე რთული იყო თინეიჯერობის ასაკში კრიმინალისგან თავის დაღწევა. ქუჩის ბანდები და ორგანიზებული კრიმინალი იმდროინდელი ბრუკლინის მთავარი სავიზიტო ბარათი იყო, ხოლო საკლუბო ბიზნესი, სადაც ალკოჰოლზე გაუგონარი შეზღუდვები მოქმედებდა ნარკო-მექად იქცა. Anthony-ც გარკვეული პერიოდი აქტიურად იყო ჩართული ნარკოტიკების არალეგალურად გასაღებაში და 2001 წელს ციხეშიც აღმოჩნდა. ეს ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იყო მის ცხოვრებაში, რადგან ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი მხოლოდ მუსიკაზე ფოკუსირდა.
9/11-ის შემდეგ არამარტო ნიუ-იორკული სცენა, არამედ მთლიანად ქალაქი საფუძვლიანად შეიცვალა. ქალაქი, რომელიც თავისუფლებისა და ექსპრესიის ერთ-ერთი სიმბოლო იყო, უეცრად სრულ პოლიციურ კონტროლს დაექვემდებარა. პოლიციური ქალაქისა და მყარი საკლუბო სცენის თანაარსებობა კი ფანტასტიკის სფეროა. პოსტ-2001-ის ნიუ-იორკის საკლუბო ინდუსტრიაში ფული აღარ იდებოდა, ხოლო ადგილობრივ კლუბებში ძველი სენტიმენტი აღარ მეფობდა. საშუალო კლასის მოსახლეობის ნაცვლად კლუბები მდიდარი უცხოელებით საზრდოობდა, შესაბამისად ქალაქიდან ტექნო მუსიკა თითქმის გაუჩინარდა და Parasole-სთვისაც დიჯეინგი ნაკლებად აქტუალური გახდა.
Anthony-მ მუსიკალური კარიერა გვერდზე გადადო და დროებით სპორტული ფეხსაცმელების მაღაზიაში მუშაობდა, თუმცა მალევე მის ცხოვრებაში ლეგენდარული მუსიკალური მაღაზია Halcyon გამოჩნდა და Parasole-მა მუშაობა ტექნო და ჰაუს ფირფიტების შესყიდვების აგენტად დაიწყო. მასთან ტანდემში მუშაობდა Levon Vincent, რომელთან ერთადაც მოგვიანებით ლეიბლ Deconstruct-ს ჩაუყარა საფუძველი. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ლეიბლი წარუმატებლობისთვის განწირული იყო, რადგან 2009 წლის ნიუ-იორკში 4/4 მძიმე, დენსფლორზე ორიენტირებულ ტექნოს თითქმის არავინ უკრავდა. შედეგად ლეიბლი რადარებიდან სწრაფად გაქრა და 2015 წელს Anthony Parasole-ის სოლო “Wild Life EP”-ს გამოცემის შემდეგ დაიხურა.
Deconstruct-ის პარალელურად Parasole-ის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი The Corner-ის სახით დაიწყო. 2012 წელს დაარსებული ლეიბლი Anthony-ს ჟღერადობის მთავარი განმსაზღვრელი აღმოჩნდა. წლების განმავლობაში ლეიბლზე ისეთი არტისტების ნამუშევრები გამოიცა, როგორებიცაა საერთაშორისოდ აღიარებული Marcel Dettmann და Silent Servant, ასევე ნიუ-იორკული სცენის ვარსკვლავური შემადგენლობა Fred P-ს, DJ Qu-სა და თავად Anthony Parasole-ის სახით. 2013 წლიდან Parasole-მა ევროპაშიც მოიკიდა ფეხი და ჯერ Marcel Dettmann Records-ზე გამოაქვეყნა ნამუშევრები, ხოლო მალევე Ostgut Ton-ის ოჯახის წევრიც გახდა. 2017 წელს კი Dekmantel-ის სუბლეიბლ Dekmantel UFO Series-ზე მისი პირველი LP “Infrared Vision” გამოიცა.

Anthony Parasole უარყოფს 2018 წლის შაბლონური ტექნო დიჯეის წარმატების ფორმულას, სწორედ ეს გახდა მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი. მას აქვს ნათელი ხედვა თუ როგორ ააწყოს მისთვის იდეალური სეტი ისე, რომ მსმენელი გაცვლა-გამოცვლის პროცესში მაქსიმალურად ინტეგრირებული იყოს. მსოფლიოს სხვადახვა დენსფლორზე კლიშეების ჩამოშლა კი მისი ყოველკვირეული გამოწვევაა. იქნება ეს Berghain-ში დაკრული J Dilla-ს ან Frank Sinatra-ს ტრეკები თუ ჰაუსისა და ტექნოს სეტებში აღრევა. მიუხედავად მრავალფეროვანი ტრეკების არჩევანისა და შთამბეჭდავი მუსიკალური კატალოგისა, Anthony თავს არ იდენტიფიცირებს, როგორც სელექტორს. “მე არ მესმის სელექტორების ტრენდის, ვფიქრობ ესაა მარტივი გზა იმის თქმის, რომ ხარ ცუდი დიჯეი, რომელიც მრავაფეროვან მუსიკას უკრავს”. დღევანდელ ტექნო სცენაზე, სადაც ხუთნიშნა ღირებულების “სელექტორები” ახალ ტრენდებს კურირებენ, Anthony Parasole-ის წარმატება დასტურია იმისა, რომ დიჯეინგი კვლავ რჩება ხელოვნებად.

22 ივნისს KHIDI-ში Anthony Parasole კლუბის რეზიდენტ Roman-თან ერთად დაუკრავს.

G2-ში დაუკრავენ CONCRETE-ის რეზიდენტი ფრანგი ლაივ შემსრულებელი Leo Pol, კლუბის რეზიდენტი ლადუკა ნინუა ჰაუს პროექტით Sevda და ლეიბლ Transfigured Time-ის თანადამაარსებელი Ash.