Close
  • No products in the cart.
back to top

Boy Harsher – Music For A Film

სიბნელე, გზატკეცილი, აჩქარებული მანქანა, ანთებული ფარები. ეს დევიდ ლინჩის 1997 წლის კლასიკის “დაკარგული გზატკეცილი“-ს საწყისი კადრებია. ფილმის საწყის წუთებს, ზემოთ აღწერილი კადრების და ტიტრების ფონად დევიდ ბოუის ლამაზი არეულობა, სახელად “I’m Deranged” მიჰყვება. გრძელი ისტორია მოკლედ, ფილმი კრიზისში მყოფ წყვილზეა და მასში მნიშვნელოვან როლს ვიდეო კასეტები თამაშობენ, ამ ორი ასპექტის გარეშე, კი Boy Harsher-ის წარმოდგენა შეუძლებელია.

ჯეი მეთიუსმა და გას მიულერმა ერთმანეთი 2013 წელს კინოსკოლაში გაიცნეს და მალევე დაახლოვდნენ როგორც მუსიკალურად, ისე რომანტიულად. თავიდან იყო Teen Dreamz, მათი პირველი კოლაბორაცია რომელიც დაახლოებით ერთ წელში Boy Harsher-ად ტრანსფორმირდა. ბენდის სტრუქტურა საკმაოდ მარტივია, გასი და მისი სინთეზატორები მუსიკალურ ნაწილს ქმნიან, ხოლო ჯეი კომპოზიციისთვის სიტყვებს წერს და ვოკალით ამდიდრებს. დღეისთვის მათ ანგარიშზეა ორი LP და ამდენივე EP. ბოლო ალბომი “Careful”, თებერვალში გამოიცა და ბენდის მოღვაწეობის აშკარა კულმინაციაა.

თუ ვინმე მათი მუსიკალური ხაზის განსაზღვრას ჟანრობრივი იარლიყებით ცდილობს, მალევე კაპიტულირდება ან დილეტანტიზმის მორევში გადაეშვება. Goth, dark pop, EBM, industrial, drone… ბევრი დაზეპირებული დასახელებით შეიძლება ბენდის ნამუშევრების დასახელება, მაგრამ Boy Harsher-ის ამ ჭრილში განხილვა კრიმინალის ტოლფასია. თავად დუოს ტერმინი ნეო-ნუარი მოსწონს. ამავე სახელით განსაზღვრავენ დევიდ ლინჩის ნამუშევრების უმრავლესობას. თუმცა ნეო-ნუარით მხოლოდ მუსიკალური ნაწილი არ უნდა შემოვხაზოთ, რადგან Boy Harsher ხელოვნების მრავალი დარგის ერთობლიობაა. ჩანასახიდანვე, ბენდი აქტიურად იყენებდა ჯეის მიერ გადაღებულ ვიდეო კატალოგს, ხოლო ფოტომასალა რომელიც პრომო მატერიალის სახით გვხვდება, სწორედ ამ ვიდეოებიდან ამოჭრილი კადრებია. თუ ერთი ლინჩის ფილმი მაინც გაქვთ ნანახი, მსგავსება ცხვირწინ გიდევთ. ესთეტიურად ბენდი ლინჩისგან იღებს ინსპირირებას და ამის აღიარებას თავად წევრებიც არ ერიდებიან.

Boy Harsher-ზე საუბრისას მნიშვნელოვანია გავიაზროთ, თუ რატომ არის შესაძლებელი დღეს მსგავსი ბენდის პოპულარობა. 80-იანი წლების შემდეგ გოთური და ინდუსტრიული მუსიკა სწრაფ დაღმასვლას განიცდიდა. 2000-იანების საწყისისთვის კი, ცნობად მუსიკაში ფაქტობრივად აღარ იყო მსგავსი ბენდების ადგილი. უკანასკნელ დეკადაში, 80-იანი წლების მუსიკალური ტრენდები კვლავ აქტუალური გახდა. ტრენდის გაანალიზება მრავალმხრივ შეიძლება, თუმცა ამას ერთი დოქტურანტურის თეზისიც არ ეყოფა. სავარაუდოდ, 80-იან წლებში და დღესაც ადამიანები ერთსა და იმავე ჩიხებში აღმოჩნდენ და გამოსავალი ტკივილსა და უიმედობაში იპოვეს. ტკივილზე საუბარს მომდევნო პარაგრაფში გავაგრძელებთ, მაგრამ აქვე მნიშვნელოვანია ერთი სპეციფიური ტკივილი, კომპოზიცია “Pain” ვახსენოთ. 2014 წელს EP-ში “Lesser Man” შესულმა სიმღერამ ბენდის წევრებისთვის დაუჯერებელი პოპულარობა მოიპოვა. ნამუშევრის მსგავსმა პოპულარობამ განაპირობა, რომ ბენდს მისი გამოცემა სამჯერ მოუწია. კომპოზიციის მიმართ გამოწვეული აჟიოტაჟს ორი მიზეზი განაპირობებს. პირველი, დღეს ტკივილი ტრენდული და გაყიდვადია. ტრენდულია არამხოლოდ დეპრესიულ და უიმედობით მოცულ პუბლიკაში, არამედ მათშიც ვინც მსგავს ჩიხში არასდროს მოქცეულა. დღევანდელი დღით იმედგაცრუებული მილენიალები ტკივილს არომანტიზებენ და მის გარშემო საკუთარ იდენტობას აგებენ. მეორე მიზეზი კი, Khidi-ს პუბლიკისთვის ბევრად უფრო ახლოა. ტექნო სცენა დღეს ინდუსტრიული და გოთური მუსიკით იმაზე მეტად არის შთაგონებული ვიდრე ოდესმე. ერთი შეხედვით განსხვავებული მუსიკალური სპექტრების დაკავშირება ბუნებრივად მოხდა. რეპეტიტიულ უხეშ მუსიკასა და მინიმალისტურ სინთეზატორებით მდიდარ მუსიკას იმაზე მეტი საერთო აღმოაჩნდათ ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. ისინი ერთმანეთს შეერწყნენ და დღეს Boy Harsher-ის კომპოზიცია “Pain” სეზონზე რამდენჯერმე გაისმის თბილისურ კლუბებშიც. ამავდროულად, თებერვალში გამოცემულ ბენდის უკანასკნელ ალბომს “Careful”, რემიქსების კომპილაცია მოჰყვა, რომელშიც ინდუსტრიული ფესვების მქონე ორმა დიდმა ტექნო ფიგურამ, Marcel Dettmann-მა და Silent Servant-მა კომპოზიციებზე “Come Closer” და “Tearsრემიქსები გააკეთეს. საკლუბო სივრცეში ბენდის მსგავსმა პოპულარობა ლოგიკურ შედეგამდე მივიდა, 5 მარტს Berghain-ში Boy Harsher-ის კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ამ ფაქტს გას მიულერი შემდეგნაირად გამოეხმაურა: „წარმოიდგინეთ, რომ Berghain-ის რიგში ვდგავართ და კლუბიდან “Pain” ისმის. გარშემო, ხალხი რითმს ჰყვება და ცეკვას იწყებენ. მიუხედავად ამისა, კლუბში შესვლაზე უარს გვეუბნებიან და სახლში ვბრუნდებით“. ბენდის მსგავსი პოპულარობა ევროპაში გასმა და ჯეიმ ბოლომდე ვერ ამოხსნეს, თუმცა არაერთ ინტერვიუში ისინი ხაზს უსვამენ ფაქტს, რომ ამერიკასთან შედარებით ევროპელი აუდიტორია ბევრად უფრო სავსეა ენთუზიაზმით და მათი კონცერტებიც შესაბამისად ევროპაში უფრო გაყიდვადია.

მიუხედავად ამისა, Boy Harsher მეტია ვიდრე უბრალოდ სწორ დროსა და ადგილას გამოჩენილი ბენდი. მათ მოახერხეს პირადული მძიმე გამოცდილებების მუსიკაში თარგმნა. ბენდის წევრების ცხოვრებაში არაერთი ტრაგედია, ტკივილი თუ იმედგაცრუება იყო. როდესაც ჯეი 16 წლის იყო, მისი მამა გარდაიცვალა, რის შემდეგაც საკუთარი დედის ალკოჰოლიზმთან მოუწია გამკლავება. თინეიჯერობაში დაგროვებული ბრაზი მან Boy Harsher-ის მელოდიებზე დაწერილ სიტყვებში გადმოიტანა. მუდმივ იმედგაცრუებას ის დაემატა, რამაც ბენდის მომავალი რისკის ქვეშ დააყენა. 2015 წელს, ჯეი და გასი დაშორდნენ, იმ ეტაპზე როდესაც დუო პირველ სერიოზულ ნაბიჯებს დგავდა სცენაზე. ერთწლიანი პაუზის განმავლობაში ჯეიმ ზურგზე სიტყვა careful ამოისვირინგა. იმ მომენტში, ტატუს მეშვეობით ჯეიმ საკუთარი თავი გააფრთხილა, რომ ჭარბი ნდობა ყოველთვის იმედგაცრუებას გამოიწვევდა, თუმცა მომავალში “careful”-მა სხვა განსაზღვრება შეიძინა. ჯეი და გასი შერიგდნენ, ხოლო ბენდი ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. 2016 წლის ალბომის “Yr Body is Nothing”-ისა და 2017 წლის EP-ს “Country Girl”-ის შემდეგ ჯეის კიდევ ერთი ტრაგედია გადახდა, გარდაიცვალა მისი მამინაცვალი. მას შემდეგ, ჯეისთვის “careful” გახდა იმის სიმბოლო, რომ სიფრთხილით მოკიდებოდა ყველაფერს რაც უყვარდა. ამავე სახელწოდების ალბომი წელს გამოიცა და ორი აზრი არ არის, რომ იგი ბენდის საუკეთესო ნამუშევარია. მძიმე წლების შემდეგ, ბენდმა საკუთარი თავი საბოლოოდ იპოვა. კომპოზიცია “The Look You Gave (Jerry)”, კი ჯეის მამინაცვალს მიეძღვნა.

“Careful” არ არის სტანდარტულად მოსასმენი ალბომი, რადგან მას მძლავრად დაჰყვება წარმოსახვითი ეფექტი. მსმენელს შეუძლია თავი რამდენიმე ტიპის ფილმში წარმოიდგინოს, ან მუსიკის საშუალებით მისი კონკრეტული წარსულის მოგონება გააფორმოს. ალბომის საწყისი კომპოზიცია “Keep Driving” სავარაუდოდ ტექტის დასაწყისში ნახსენები დევიდ ლინჩის “დაკარგული გზატკეცილი“-ს ალუზიაა. “Face The Fire”, “Fate”, “LA” და “Crush” ბევრ 80-იანების ფილმს დაამშვენებდა. თავად დუოს წევრებიც ხშირად ახენებენ, თუ რაოდენ დიდი ზეგავლენა მოახდინა კინემატოგრაფიამ მათ შემოქმედებაზე და კონკრეტულად “Careful”-ის შექმნაში.

 

სწორედ “Careful”-ის ტურის ფარგლებში, 5 ივნისს Boy Harsher თბილისელი მსმენელის წინაშე Khidi-ს მთავარ ოთახში წარდგებიან.