1981 წელს დაარსებული ბელგიური ბენდი Front 242 გახდა ჟანრის პიონერი, ხოლო 1984 წელს გამოცემული მათი მეორე ალბომი “No Comment” მუსიკის ისტორიაში ჩაიწერა, როგორც პირველი EBM ალბომი. რთულად საცეკვაო ელექტრონული ბითები და უხეში ვოკალები მათი მთავარი ხელწერა იყო, ხოლო სოციალისტური რეალიზმის ესთეტიკის ირონიული გამოყენება მათ მუსიკას მძაფრ პოლიტიკურ ქვეტექსტს მატებდა. გარდა იმისა, რომ EBM ლოგიკური მუსიკალური განვითარება იყო New Wave-ის შემდეგ, მას ჰქონდა უდიდესი სოციალური მნიშვნელობა მზარდი კომუნისტური პროპაგანდისა და გაყოფილი გერმანიის პირობებში.

EBM (Electronic Body Music) არის ელექტრონული მუსიკის ჟანრი, რომელიც ინდუსტრიული და Synth Punk ჟანრების სინთეზს წარმოადგენს. ტერმინი Electronic Body Music პირველად 1978 წელს გაისმა, როდესაც ლეგენდარული Kraftwerk-ის წევრმა Ralf Hütter-მა მათი იმავე წელს გამოცემული ალბომის “The Man-Machine”-ის ჟღერადობის ფიზიკურ ასპექტს გაუსვა ხაზი. შემდეგ კი იყო DAF, ელექტროპანკ ბენდი დიუსელდორფიდან, რომელმაც ტერმინი “Körpermusik” ანუ „სხეულის მუსიკა“ 1981 წელს წამოჭრა, თუმცა პირველი რეალური EBM ტალღა დასავლეთ ევროპაში 80-იანი წლების პირველ ნახევარში გამოჩნდა და დეკადის ბოლოსკენ ბელგიასა და გერმანიაში მუსიკალური რევოლუცია მოახდინა.

თუ 80-იანი წლების დასაწყისში EBM-ის მთავარ მამოძრავებელ ძალას ზემოთ ნახსენები Front 242 და კიდევ მხოლოდ ორი ბენდი (Nitzer Ebb და Skinny Puppy) წარმოადგენდა, 1988-1993 წლებში ჟანრი უკვე მას-კულტურაში შემოიჭრა და ევროპასთან ერთად ჩრდილოეთ ამერიკა და იაპონიაც კი მოიცვა. კანადური Front Line Assembly, ამერიკული Revolting Cocks, შვედური Pouppée Fabrikk, იაპონური DRP, ეს იმ ბენდების ძალიან მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც EBM ფართო მასებზე გათვლილ მოძრაობაში გადაზარდეს. დროსთან ერთად ჟანრმა სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული ტიპის მოდიფიკაციები განიცადა და ნათელი ხდებოდა, რომ EBM-ის ტალღა დიდხანს ვერ გასტანდა. ამასთანავე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ბერლინის კედლის და საბჭოთა იმპერიის დანგრევა, რადგან მზარდი პროტესტის ტალღა მნიშვნელოვნად შენელდა. ჩრდილო-ამერიკულმა ბენდებმა მიმდინარეობის ტიპური ევროპული ელემენტების გამოყენებას სინთეზი არჩიეს და Hardcore Punk-ისა და თრეშ-მეტალის ელემენტების აქტიურად შერწყმა ამჯობინეს. მაგალითად, Nine Inch Nails-ის 1989 წლის ალბომი “Pretty Hate Machine” როკ მუსიკისა და EBM-ის შერწყმის ნათელი მაგალითია.
90-იანი წლების შუაში EBM ბენდების უმრავლესობა დაიშალა, ხოლო დანარჩენებმა კარდინალურად შეიცვალეს მუსიკალური კურსი. მაგალითად, ჟანრის ერთ-ერთი პიონერი Nitzer Ebb ალტერნატიულ როკ ბენდად გადაიქცა. 80-იანების EBM ეპოქის დასასრულად სამართლიანად მიიჩნევა Front 242-ს 1991 წლის ალბომი “Tyranny (For You)”. სიმბოლურად ბენდი, რომელმაც ჟანრის ფლაგმანობა და პიონერობა ითავა აღმოჩნდა უკანასკნელი, რომელმაც 90-იანების უკანასკნელი EBM ალბომი შექმნა.
90-იანი წლების ბოლოს EBM დაბრუნდა ელექტრონული მუსიკის სცენაზე, თუმცა სახეცვლილი ფორმით. ტრადიციული ჟანრის მახასიათებლების მეტნაკლებად შენარჩუნების მუხედავად, ჟანრი ტრანსფორმირდა და გახდა ტექნოსა და EBM-ის სიმბიოზი. ჟანრის აღმოცენება დიდწილად შეგვიძლია მივაწეროთ Helmut Geier-ს, იგივე DJ Hell-ს. საკუთარ პლატფორმა International Deejay Gigolo Records-ზე მან EBM რელიზებისთვის კარი გააღო და საფუძველი ჩაუყარა ბერლინში ახალი Body Music ტალღის აღმოცენებას. მეორე პრეცედენტი კი საფრანგეთში შეიქმნა, სადაც ფრანგმა პროდიუსერმა Terence Fixmer-მა ლილში დააარსა ლეიბლი Planet Rouge Records. 2004 წელს კი თანამედროვეობის ყველაზე მოთხოვნად EBM პროექტ Fixmer/McCarthy-ს ჩაეყარა საფუძველი. პროექტი გახდა დამაკავშირებელი ხიდი ძველ “Körpermusik” ტალღასა და თანამედროვე ტექნოთი გაჯერებულ EBM-ს შორის, ვინაიდან Douglas McCarthy ძველი ტალღის ერთ-ერთი წამყვანი პროექტის Nitzer Ebb-ის წევრი იყო.


ამავდროულად ამერიკაში ინდუსტრიული სცენის ერთ-ერთმა ვეტერანმა Adam X-მა ლეიბლი Sonic Groove შექმნა, რომელმაც 2006 წლიდან ჟანრის სახეცვლილი ფორმის პოპულარიზებაში დიდი როლი შეიტანა ჯერ ჩრდილო-ამერიკულ ბაზარზე, ხოლო შემდგომში ევროპაში. 1999 წელს დაარსებულმა ლეიბლმა 7 წლის შემდეგ იცვალა კურსი და გამოსცა ისეთი არტისტების ნამუშევრები როგორებიცაა: Ancient Methods, Rhys Fulber, Blush Response. ნახსენები Ancient Methods კი დღეს ინდუსტრიული ტექნოსა და EBM-ის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მიიჩნევა თანამედროვე ტექნო სცენაზე. მისი რელიზები თითქმის ყველა ცნობილ მსგავსი ჟღერადობის ლეიბლებზე გამოიცა, ხოლო თავად DJ სეტებში აქტიურად იყენებს პირველი EBM ტალღის ცნობილი თუ უცნობი არტისტების ნამუშევრებს. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამჟამინდელ სცენაზე Ancient Methods-ს ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ჟანრის პოპულარიზებაში. აგრეთვე აღსანიშნავია 2011 წელს Phillip Strobel-ისა და Gabriel Brero-ს მიერ დაარსებული ლეიბლის aufnahme + wiedergabe-ს წვლილიც. ლეიბლის აურაცხელ კატალოგში, რომელიც ჟანრობრივად შეუზღუდავია, ფართოდ მოიპოვება თანამედროვე EBM/ტექნო ნამუშევრებიც.

ჟანრის აღორძინების მიწერა რომელიმე კონკრეტულ ფაქტორთან შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია რომ ტექნო სივრცეში EBM საკმაოდ სწრაფად იკიდებს ფეხს და წლიდან წლამდე ინტეგრირების ტემპი იმატებს. აშკარაა ტენდენცია, რომ დროსთან ერთად ინდუსტრიული ტექნო უფრო და უფრო უხეშ ჟღერადობას იძენს, შესაბამისად ლოგიკურია სცენაზე ისეთი არტისტების მზარდი პოპულარობა, როგორიცაა Phase Fatale, თუმცა მეორეს მხრივ საკითხავია რამდენად შეგვიძლია ამ ტენდენციას ისევ EBM ვუწოდოთ. ფაქტობრივად წარმოუდგენელია რელიზი Body Music-ის კატეგორიას მივაკუთვნოთ თუ არ ფიქსირდება მინიმალური დისტორციებით მიღებული უხეში ვოკალები. დღეს ფართო საზოგადოება ხშირ შემთხვევაში მცდარად ინდუსტრიული ჟღერადობის ტრეკებს მოიხსენიებს EBM კატეგორიაში. რეალურად ჟანრი, როგორც მას 80-იან წლებში იცნობდნენ დიდი ხნის გამქრალია და მხოლოდ ტექნოსთან სიმბიოზში თუ გვევლინება.