Hospital Productions | Not The Son Of Desert Storm, But The Child Of Chechnya 12 იანვარს KHIDI წარმოგიდგენთ 1997 წელს Dominick Fernow-ს მიერ დაარსებული ამერიკული ლეიბლის Hospital Productions-ის შოუქეისს. ლეიბლმა ოცწლიანი არსებობის მანძილზე გამოსცა 500-მდე შთამბეჭდავი რელიზი, რომელთაგან უმეტესობა ნიუ-იორკის ანდერგრაუნდ სცენას წარმოადგენს. დაუსრულებელ კატალოგში მრავალი ნაცნობი და პოპულარული პროექტის რელიზი გვხვდება, თუმცა 2013 წლამდე ნათელი იყო ლეიბლის სტრატეგია… Fernow-ს მიზანი ნაკლებად პოპულარული ან საერთოდ უცნობი არტისტებისთვის აქტუალობის შეძენას ისახავდა მიზნად, მათთან ერთად კი Hospital Productions იქცა თავად Fernow-ს მთავარ მუსიკალურ პლატფორმად, რომელზეც 1998 წელს გამოჩნდა მისი აღიარებული ექსპერიმენტული და ნოიზ პროექტი Prurient, ხოლო მომავალში მან ფართო მასას ურიცხვ სხვადასხვა ჟანრის პროექტთან ერთად, 2011 წელს Vatican Shadow წარუდგინა.

2013 წლიდან ლეიბლმა კარი უკვე აღიარებული არტისტებისთვისაც გახსნა. Hospital Productions-ზე გამოცემული Ron Morelli-ს ალბომი “Spit” ერთგვარი გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა ლეიბლის პოპულარობის ზრდაში. შემდეგ იყვნენ: ბენდ Nine Inch Nails-ის წევრი იტალიელი Alessandro Cortini, Sandwell District-ისა და Infrastructure New York-ის დამაარსებელი ლეგენდარული Function, Sonic Groove-ის დამაარსებელი Adam X, Silent Servant-ის სადებიუტო LP, კანადური დუო Orphx, ლეიბლ Avian-ის ბოსი Shifted, KHIDI-ს რეზიდენტი Phase Fatale და საბოლოოდ ბერლინელი EBM/ინდუსტრიული პროდიუსერი Ancient Methods. შედეგად ლეიბლის ცნობადობა მანჰეტენის East Village-ს გასცდა და ნიუ-იორკის გარდა მსოფლიოს სხვა ანდერგრაუნდ სცენებიც მოიცვა. ლეიბლის ბოლო საერთაშორისო აღიარება 20 წლის აღნიშვნისთვის მიძღვნილი ტური იყო, რომელიც გლობალურად თითქმის ყველა წამყვან დენსფლორზე აღინიშნა.

Hospital Productions-ზე საუბრისას Dominick Fernow-ს როლს გვერდს ვერ აუვლი, რადგან მისი არტისტული კარიერა და ლეიბლის მოღვაწეობა დასაბამიდან დაკავშირებული იყო ერთმანეთთან. ვისკონსინის კათოლიკურ სამეზობლოში დაბადებულმა Fernow-მ პირველი დიდი ზეგავლენა საჯარო სკოლიდან მიიღო. ადრეული ასაკიდან დაიწყო Death metal-ის მოსმენა და სკოლაში მუდმივად უცვლიდა კასეტებს თავის თანატოლებს. შთაგონების უმნიშვნელოვანეს წყაროდ იგი დღემდე Death metal ბენდის Deicide-ის ალბომ “Once Upon the Cross”-ს მოიხსენიებს, „შემზარავი… დღემდე ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ალბომი“. ადრეულ მუსიკალურ გამოცდილებებს, 1997 წელს 16 წლის Dominick-მა საკუთარ სოლო პროექტ Prurient-ში მოუყარა თავი, ხოლო საკუთარ მუსიკალურ პლატფორმად მისივე დაარსებული Hospital Productions გამოიყენა. ნოიზ ალბომი “A Simple Mark” იყო ლეიბლის და Fernow-ს პირველი რელიზი, რომელშიც 8 ტრეკი შედიოდა. დღეს უკვე თამამად შეიძლება პროექტის მნიშვნელობაზე საუბარი, რადგან იგი 60 ალბომს და 30-ზე მეტ სინგლს და EP-ს ითვლის.


Fernow-ს კარიერაში კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი დადგა 2011 წელს, როდესაც Hospital Productions-ზე გამოსცა “Kneel Before Religious Icons”, თუმცა ამჯერად Dominick-ი Vatican Shadow-ს სახელით წარდგა და პირველი ნაბიჯები გადადგა ინდუსტრიულ ტექნოში. „ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს კითხვების დასმას და არა მხოლოდ პასუხების ძიებას“, Fernow-ს ეს ციტატა პირდაპირ ახასიათებს პროექტ Vatican Shadow-ს. პოლიტიკური ფიგურები და კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში პროექტის მთავარი ვიზუალური ხაზის განსაზღვრაში დიდ როლს თამაშობს. არაბულ სამყაროში განვითარებულმა მოვლენებმა Vatican Shadow-ს ალბომების ყდებზე, დასახელებებზე და ნამუშევრების სახელწოდებებზეც იმოქმედა. Fernow-ს ინდუსტრიული პროექტი ცალსახად არ წარმოადგენს პოლიტიკურ მუსიკას, თუმცა ის ერთგვარი მედიტაციაა პოლიტიკურ ლაბირინთში. რთულია ამოარჩიო ესა თუ ის Vatican Shadow-ს ნამუშევარი და მას უწოდო „საუკეთესო“, მაგრამ ფართოდ აღიარებულია, რომ მისი ბოლო ალბომი, 2016 წელს გამოცემული “Media In the Service of Terror” ყველაზე სწორი შეჯამებაა Dominick-ის ენიგმატურ მუსიკალურ კარიერაში.

კლუბში KHIDI ჩატარებული Hospital Productions-ის შოუქეისი იქნება პირველი, წელს დაგეგმილი ლეიბლის 3 რეზიდენტობის ივენთიდან. 12 იანვარს Vatican Shadow-ს გარდა, კლუბში მოისმენთ KHIDI-ს რეზიდენტის Phase Fatale-ის, Hospital Productions-ის ლეიბლ მენეჯერის Becka Diamond-ისა და აგრეთვე რუსი არტისტის Nastia Reigel-ის DJ სეტებს, ხოლო Liziuz და Goner ლაივ პერფორმანსით წარდგებიან მსმენელის წინაშე.