13 აპრილს კლუბში KHIDI Dominick Fernow-ს ლეიბლ Hospital Production-ის მეორე შოუქეისი გაიმართება, რომლის წინაც გთავაზობთ Liziuz-ის ინტერვიუს. პირველი შოუქეისის ფარგლებში იგი მსმენელის წინაშე ლაივ შესრულებით წარდგა და ინტერვიუში გვიამბობს მისი შთაბეჭდილებებისა და მოლოდინების შესახებ, ასევე უფრო დეტალურად წარმოაჩენს თავის მისტიურ ალბომ “Geschichten des Lebens”-ს, რომელიც Hospital Productions-ზე მარტში გამოიცა.

შენ უკვე დაგიკრავს თბილისში Hospital Productions-ის რეზიდენტობის პირველ შოუქეისზე. მოგვიყევი შენი საქართველოში ყოფნის გამოცდილების შესახებ.

ჩემი აზრით ეს ძალიან საინტერესო ადგილია ელექტრონული მუსიკისათვის. იგრძნობა სუფთა ენერგია, განსხვავებით ბერლინისა და სხვა დიდი ევროპული ქალაქებისგან, სადაც ყველაფერი თითქოს გაჯერებულია. ამ გაჯერებულობამ გამოიწვია ერთი და იგივე ლაინაფები, შინაარსები, იდეები … მეორეს მხრივ არსებობს ადგილები, როგორიცაა საქართველო და კერძოდ KHIDI, სადაც ყველაფერი საინტერესოა, ახალი იდეებისა და კონცეფციების განხორციელება ბევრად მარტივი ჩანს. ტექნო შეიძლება აღემატებოდეს მუსიკას და იყოს პოლიტიკური და სოციალური დატვირთვის მატარებელი, რაც დიდ გავლენას მოახდენს კულტურასა და საზოგადოებაზე.

რა მოლოდინი გაქვს მომდევნო შესრულებისგან, რომლითაც შენს ალბომს წარმოადგენ?

ჩემი მოლოდინი დაფუძნებულია ჩემს მომზადებაზე. მე ისეთი რამ მოვამზადე შოუსთვის, რაც ნათლად ასახავს ალბომის ჟღერადობას, თუმცა ამასთანავე ტექნო ჟღერადობას რეპრეზენტირებს. იმ არტისტების კალიბრის გათვალისწინებით, რომლებიც ამავე დღეს უკრავენ, ვფიქრობ თავს კომფორტულად ვიგრძნობ.

PHOTO BY BECKA DIAMOND

PHOTO BY BECKA DIAMOND

შენი სადებიუტო ალბომი “Geschichten des Lebens” Dominick Fernow-ს 
Hospital Productions-ზე გამოიცა. ალბომში რამდენიმე მოკლე 
კომპოზიციის ნაცვლად, შენ არჩიე ორი კომპოზიცია სხვადასხვა გზით 
ყოფილიყო რეინტერპრიტირებული. რა იყო ამის მიზეზი?

ამის ბევრი მიზეზი არსებობს და სიტუაციიდან გამომდინარე შემიძლია ნებისმიერი ახსნა შემოგთავაზოთ, რომლის მოსმენაც გსურთ. ჩემთვის უფრო საინტერესოა თუ როგორ რეაგირებს ამაზე მედია და ხალხი. ვგულისხმობ, რომ მე ჩავწერე ორი გრძელი ტრეკი და რაღაც მომენტში სხვადასხვა გზით გავუშვი. ჩემთვის ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა ბევრისთვის რაღაც განსაკუთრებულია, რაც ჩემი აზრით ოდნავ სასაცილოც კი არის. სცენის მიერ დაწესებული მსგავსი კანონები უნდა იყოს სარკე იმისა, თუ რამდენად ჯიუტი არის თანამედროვე ტექნო სცენა.

როგორც სხვა ინტერვიუში აღნიშნე, ყოველი ნამუშევარი შენთვის წარმოადგენს წიგნისა თუ ფილმის სცენარს, რომელიც ასახავს ერთ კონკრეტულ ემოციურ განვითარებას. მოგვიყევი “Geschichten des Lebens”-ის ნამუშევრების ისტორიის შესახებ.

ეს არის ის, რაც მე წინა ინტერვიუში ვთქვი. არსებობს რაღაც სიღრმის ზღვარი, რომელიც უბრალოდ არ შემიძლია გადმოვცე ან რომლის გამოხატვაც არ მსურს. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია საკუთარი ნამუშევრების შესახებ ინფორმაცია ზედაპირულ დონეზე დატოვო, რათა მსმენელს მიეცეს ინტერპრეტირების საშუალება.

რას შეიძლება მოველოდოთ შენგან უახლოეს მომავალში? 

თავადაც არ ვიცი რას უნდა მოველოდო!