Preloader image

 

2014 წელს ლედი გაგამ თავისი მეოთხე მსოფლიო ტური, ArtRave: The Artpop Ball, პარიზში დაასრულა. მთელი ტურის განმავლობაში, შოუს გამხსნელ აქტზე პასუხისმგებელი Lady Starlight იყო, რომელიც გაგას მოსასმენად შეკრებილ საზოგადოებას მათთვის სრულიად მოულოდნელ და უცხო ელექტრონულ მუსიკას ასმენინებდა. თუმცა, პარიზის ლაივი მაინც განსხვავებული გამოდგა – წითელ პიჯაკში გამოწყობილი ლედი სტარლაითი სცენაზე ენტონი ჩაილდმა გამოიყვანა. ლედი გაგას ექსტრავაგანტური შოუებისთვის სრულიად შეუსაბამოდ გამოწყობილ კაცს უბრალო, შავი მაისური ეცვა, რომელზეც მკრთალად ეწერა: Constant Shallowness Leads to Evil (მუდმივ ზედაპირულობას ბოროტებამდე მივყავართ). წყვილი მოდულარულ სინთეზატორთან დადგა და ისეთი ლაივ-იმპროვიზაცია დაიწყო, რამაც გაგას მსმენელი ცოტა არ იყოს დააბნია. ლედი სტარლაითმა პუბლიკას მისთვის ყველაზე საყვარელი ტექნო არტისტი და ინსპირაციის წყარო, Surgeon გააცნო და აპლოდისმენტების მოლოდინში მცირე პაუზა აიღო. ამ წარდგენას ოვაციები არ მოჰყოლია – დარბაზში მყოფთაგან ეს სახელი ძალიან ცოტამ თუ იცოდა.

Lady Starlight FULL SET ft.Surgeon ArtRAVE Opening

დიდი ბრიტანეთის სიდიდით მეორე ქალაქი, ბირმინგემი, ელექტრონული მუსიკის რუკაზე 90-იანების დასაწყისში გამოჩნდა. ინდუსტრიული მრეწველობითა და ვაჭრობით ცნობილი მეტროპოლიტენი 1960-იან წლებში თავისი მუსიკალური სცენით ლივერპულს უტოლდებოდა. თუმცა, ბიტლზის მშობლიური ქალაქისგან განსხვავებით, ბირმინგემი მაინც უფრო მძიმე ჟღერადობის ცენტრად მოიაზრებოდა, რომლის წიაღშიც ისეთი ჯგუფები იშვა, როგორებიცაა:  Black Sabbath, Judas Priest, Napalm Death და Godflesh. ამგვარი მუსიკალური ატმოსფეროს მიუხედავად, ელექტრონული მუსიკის სცენა, 90-იანი წლების დასაწყისამდე, მაინც ჩანასახოვან სტადიაში რჩებოდა.

1989 წელს ენტონი ჩაილდი ნორთჰემპტონის შემოგარენში მდებარე პატარა სოფლიდან საცხოვრებლად ბირმინგემში გადმოვიდა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მუსიკით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული და იმ დროისთვის მისი მუსიკალური გემოვნება ალტერნატიულ მუსიკაზე (Coil, Faust, Suicide) იყო ფიქსირებული. მიუხედავად ამისა, თავის ინტერესებს ჩაილდი მკაცრ ჩარჩოებში არასდროს აქცევდა. აუდიო-ვიზუალური ხელოვნებითა და საუნდ-ინჟინერიით დაინტერესებული ენტონი მიკ ჰარისს (Napalm Death-ის ყოფილი დრამერი) შეხვდა, რამაც მის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა – მრავალფეროვანი მუსიკალური გემოვნების მქონე ჰარისი ჩაილდის მენტორი გახდა. Surgeon აღნიშნავდა, რომ მიკი მას ხშირად სხვა და სხვა ჩანაწერებს აძლევდა და უბრალოდ ეტყოდა: “შენ ეს გჭირდება”. საჩუქრები თავისი შინაარსით რადიკალურად განსხვავდებოდა – ეს შეიძლება ყოფილიყო როგორც Underground Resistance-ის რომელიმე ფირფიტა, ან სულაც მაილს დევისის Bitches Brew. სწორედ მიკ ჰარისმა გააცნო ენტონი ჩაილდს კარლ ო’კონორი (Regis), რამაც საბოლოო ჯამში ბირმინგემული საუნდის ფორმირებას შეუწყო ხელი. თავისი ანატომიით, ეს იყო მძლავრი, სწრაფი და უკომპრომისო ტექნო, რაც ჯეფ მილსის სახასიათო მელოდიური ფანკისა და 70- 80-იანი წლების ბრიტანული ინდუსტრიული მუსიკის შეზავებით მიიღებოდა. “ცივი და მბრძანებლური” – ასე ლაკონიურად აღწერდა ო’კონორი ბირმინგემულ საუნდს.

მსოფლიო ელექტრონული მუსიკის სცენისგან იზოლირებულ ბირმინგემში ო’კონორმა და ჩაილდმა თანამოაზრეების მოძიება დაიწყეს. მათ კრის ჰოგთან, პოლ ბეილისთან (Damage) და ნილ სპრაგთან (Sir Real) ივენთების სერია, House of God, წამოიწყეს. ხშირად, ბირმინგემული ტექნოს სინონიმად სწორედ HoG-ს მოიაზრებენ, რაც ისეთ განცდას ქმნის, თითქოს ამ ღამეებზე მხოლოდ მძიმე, ინდუსტრიული ელემენტების შემცველი მუსიკა იკვრებოდა, რაც ასე ნამდვილად არ ყოფილა. Surgeon იხსენებს, რომ ისინი ჟანრობრივ შეზღუდვებში არასდროს ექცეოდნენ და ივენთებზე ხშირად ექსპერიმენტირებდნენ. რეზიდენტები ღამეებს ერთ დიდ აქტად აღიქვამდნენ, სადაც თითოეულ მათგანს თავისი განსაკუთრებული როლი ჰქონდა მინიჭებული და მათ გამოსვლებში ინდივიდუალიზმი უკანა პლანზე გადადიოდა. საბოლოოდ, ეს კონტრკულტურული ღონისძიებები ბირმინგემული საუნდის პოლიგონად ჩამოყალიბდა, სადაც არტისტები მოქმედებაში ცდიდნენ თავიანთ სტუდიურ ნამუშევრებს და მსმენელის საპასუხო რეაქციით საზღვრავდნენ, როგორი უნდა ყოფილიყო მათი სამომავლო ტრეკები.

ფოტო: Regis,James Ruskin, Richard Polson და Surgeon. House Of God; 1996 წელი

საყოველთაო ცნობადობა Surgeon-თან ყველაზე მოულოდნელი მხრიდან მოვიდა. ჯეფ მილსის მონოლითური სახელი ყველასთვის ცნობილი იყო, მაგრამ საჯარო საზოგადოებისთვის იგი სრულიად მიუწვდომელი იყო. მეტიც, ელექტრონული მუსიკის სცენის მიღმა, ძალიან ცოტამ იცოდა, თუ როგორ გამოიყურებოდა ტექნოს ლეგენდარული პიონერი. 1996 წელს მილსმა იაპონიაში, The Liquid Room-ში ჩაწერილი ლაივის CD გამოსცა, სადაც გარეკანზე თავისი სახეც გამოაჩინა.

Jeff Mills – Mix-Up Vol. 2 – Live Mix At Liquid Room – Tokyo

მუსიკალური სამყაროსთვის ეს რევოლუციური მოვლენა გამოდგა. მარკ ბრუმთან სატელეფონო საუბრისას ჩაილდმა შეიტყო, რომ მილსმა თავის სეტში Surgeon-ის სადებიუტო EP-იდან 2 ტრეკი, Magneze და Move დაუკრა. ეს ყველაფერი რაღაც სიურრეალისტური ფილმის სიუჟეტს წააგავდა, რადგანაც ჯეფ მილსი ენტონისთვის ინსპირაციის უდიდეს წყაროს წარმოადგენდა. მოგვიანებით, იაპონიაში ვიზიტისას Surgeon-მა თავად ნახა, თუ რამდენად დიდი კულტურული როლი ითამაშა ამ მოვლენამ ლოკალურ მუსიკალურ სცენაზე. მას შემდეგ, იაპონია მისთვის ერთგვარ გატაცებად იქცა და ჩაილდი ამომავალი მზის ქვეყანას თითქმის ყოველ წელს სტუმრობს. მეტიც, თავისი კარიერის 20 წლისთავი Surgeon-მა სწორედ იაპონიაში აღნიშნა, სადაც 5 საათიან სეტში მისთვის ყველაზე საყვარელი და მნიშვნელოვანი ტრეკები დაუკრა. როგორც მოგვიანებით აღნიშნა, ეს საღამო იმდენად ემოციური გამოდგა, რომ დიჯეის კარიერის დასრულებაზეც კი დაფიქრდა, რადგანაც ვეღარ წარმოედგინა, რომ პულტთან დგომისგან ოდესმე ამაზე უფრო დიდ სიამოვნებას მიიღებდა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდა, რადგანაც დიჯეინგი Surgeon-ს ზედმეტად უყვარს.

2001 წელს Surgeon და Regis იმ დროისთვის სრულიად ახლებურ კოლაბორაციულ პროექტზე, British Murder Boys, იწყებენ მუშაობას. ამ ორი არტისტის სახასიათო ტექნიკური და კონცეპტუალური უნარების შეჯახებამ 2000-იანი წლების ტექნო-ერა განსაზღვრა. BMB-ის საუნდი თავისი ხასიათით საოცრად უნიკალურია: Basic Channel-ის დაბ-ტექნო ჟღერადობის ახლებურ გააზრებას დამატებული აგრესიული ვოკალი და ტექნოლოგიური პროგრესით ნასაზრდოები უნიკალური ლაივ-აქტები, რამაც საკლუბო პერფორმანსები სრულიად ახალ განზომილებაში გადაიყვანა. ორივე არტისტის მიზანიგიგანტური მოცულობის, მონოლითური მუსიკალური კომპოზიციების ლაივ-იმპროვიზაცია იყო.

https://on.soundcloud.com/ap4ZU

ამ პერიოდში ჩაილდი და ო’კონორი თავიანთი ყველაზე ერთგული მსმენელის მოლოდინებს მუდმივ გამოცდას უწყობდნენ, როგორც მუსიკალური სელექციის მხრივ, ისე ლაივ-პერფორმანსის თვალსაზრისით – როგორც Regis იხსენებს, ყოფილა შემთხვევები, როცა მისმა არტისტულმა გამომხატველობამ ისეთი რადიკალური ფორმები მიიღო, რომ დაცვამ იგი უბრალოდ კლუბიდან გააგდო. მსგავსი გამოწვევებისთვის ჩაილდი ყოველთვის მზად იყო, რადგანაც თავის სეტებში არატრადიციულ სელექციას იგი აქამდეც იყენებდა (ამის მაგალითადისიც გამოდგება, რომ ოფენინგში Surgeon ხშირად Whitehouse-ის ტრეკებს უკრავდა). თუმცა, როცა მსმენელი ასეთ დინამიკას შეეჩვია, BMB-მ მიდგომა მაშინვე შეცვალა. ლეგენდარული კოლაბორაცია 6 სტუდიური ალბომისა და რემიქსების მთელი სერიის შემდეგ დაიშალა – თავიანთი ფინალური წარმოდგენა მათ 2013 იაპონიაში გამართეს.

https://british-murder-boys.bandcamp.com/album/live-in-tokyo

ჩაილდი და ო’კონორი მიიჩნევდნენ, რომ ეს მათი საუკეთესო საღამო იყო და ამაზე მეტის გაკეთება მათ BMB-ის სახელით აღარ შეეძლოთ. თუმცა, წლების შემდეგ Regis და Surgeon კვლავ გაერთიანდნენ, რადგანაც ჩათვალეს, რომ ამ პროექტს მსმენელისთვის სათქმელი კიდევ ჰქონდა დარჩენილი.

Surgeon-ის ფილოსოფია თეორიულად მარტივი, მაგრამ პრაქტიკულად რთული განსახორციელებელია – არ აჰყვეს მისი მსმენელის მოთხოვნებს. მისი აზრით, “იდეალური ტექნო სეტის” დაკვრა ბევრ დიჯეის შეუძლია, მაგრამ ენტონის მთავარი მოწოდება პუბლიკისთვის ახალი ჰორიზონტების გახსნაა. ჩაილდის მისიაა, რომ მის მოსასმენად შეკრებილმა საზოგადოებამ ღირებულებები გადააფასოს – დარწმუნდეს, რომ ის, რაც აქამდე ფიქსირებული ეგონა, თურმე სინამდვილეში ფლექსიური ყოფილა. თავისი ტექნიკური ცოდნითა და მუსიკალური სელექციით იგი აქამდე არსებულ სტრუქტურებს ხშირად შლის, რისი ინსპირაციაც მან უილიამ ბეროუზის ნაწარმოებების კითხვისას მიიღო. ამ უკანასკნელმა მეოცე საუკუნის დასაწყისში დადაისტების მიერ მოფიქრებული “ნაფლეთების მეთოდით” (cut-up technique) წერის ტექნიკა დახვეწა და სრულიად ახლებურად გადაიაზრა, თუ როგორ შეიძლება იწერებოდეს მხატვრული ნაწარმოები. ენტონი ჩაილდის მედიუმი არა სიტყვები, არამედ მუსიკაა, რომლის შესაქმნელადაც იგი  “ნაფლეთებს მეთოდს” ხშირად იყენებს. მისთვის სამუშაო იდეის წინასწარ კონკრეტულ ჩარჩოებში მოქცევა ერთგვარი რეცეპტია ცუდი მუსიკის შესაქმნელად. მსგავსი დამოკიდებულება თავისი არსით ძალიან ზედაპირულია, მაშინ, როცა მისი აზრით, მუსიკაში ყველაზე უფრო საინტერესო პროცესები უფრო სიღრმისეულად ვითარდება.

ამგვარი სამუშაო ფილოსოფიის დამსახურებაა, რომ Surgeon ყველაზე მეტად საზოგადოების მიერ დაშტამპულ იარლიყებს ვერ იტანს. ამის გამოძახილია ტერმინ “ემბიენტის” მისეული კრიტიკაც, რაც ჩაილდისთვის ყოველთვის ბრაიან ენოსეულ ფონურ მუსიკასთან ასოცირდება. მისი თქმით, ამ ტერმინის ქვეშ ხშირად ქიქ-დრამისგან თავისუფალ მუსიკას მოიაზრებენ, რაც მის წარმოდგენაში ასე ნამდვილად არ არის.

Stream Surgeon (ambient set) at Freerotation 2014 by Surgeon | Listen online for free on SoundCloud

წლების განმავლობაში Surgeon მუსიკის დასაწერად ებლეტონს იყენებდა. კომპიუტერი მისთვის ერთგვარ უსაფრთხოების ღვედად იქცა – რამდენადაც ეს მისთვის კომფორტული იყო, იმდენად შებოჭილად გრძნობდა თავს. როდესაც Blawan-ის ლაივ-შესრულება ნახა, ნათლად გაიაზრა, რომ მოდულარულ სინთეზატორზე დაკვრა ძალიან სახალისო იქნებოდა – როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე ერთგვარი “დაუცველობის” განცდის გამოც. ჩაილდი თავისი კომფორტის ზონიდან კიდევ ერთხელ გამოვიდა და მთელი ინტერესი ამ მიმართულებით მიმართა. იმპროვიზაციის უნიკალურობის განცდამ მას საშუალება მისცა, ლაივ-აქტების მნიშვნელობა კვლავ წინა პლანზე წამოეწია. ეს მის მსმენელის ერთგვარად მაინდფულნესის მდგომარეობაში აქცევს – კონცენტრირდი იმაზე, რაც აქ და ახლა ხდება, რადგან იგივე ამ ფორმით აღარასდროს განმეორდება.

RA Sessions: Surgeon | Resident Advisor

ენტონი ჩაილდისთვის 1960-იანი წლების ფსიქოდელიური პოპის სიყვარული ერთგვარი ინსპირაცია გახდა, რათა მუსიკა ცნობიერების შემცვლელ მედიუმად წარმოედგინა. სწორედ ეს კონცეფცია დაედო საფუძვლად მის ბოლო ალბომს, Luminosity Device. Surgeon შეეცადა, ტექნოს ფუნქციური ელემენტები ფსიქოდელიურ ჭრილში დაენახა და ამგვარად გადაეფასებინა მის შესახებ არსებული შეხედულება, რომ იგი ყოველთვის მძიმე, ინდუსტრიულ ტექნოს უკრავს. ერთ-ერთ ინტერვიუში მან ნახევრად ხუმრობით აღნიშნა, სულაც რომ პოპ ქანთრი-ვესტერნ ალბომი ჩაწეროს, ხალხი მაინც იმას იტყვის, რომ იგი მძიმე მუსიკას უკრავს. მისთვის დღემდე პარადოქსად რჩება ის მოცემულობა, რომ ტექნო თავისი არსით ექსპერიმენტული მუსიკაა, მაგრამ ამჟამინდელი სცენა საოცრად კონსერვატიულია. ამის საპირწონედ, Surgeon ხშირად არემიქსებს “მეინსტრიმად” მიჩნეულ ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან: ტომ იორკი, Mogwai, Oneohtrix Point Never

Thom Yorke – The Clock (Surgeon Remix)

სწორედ ამიტომ, ლედი გაგას შოუს გახსნა მისთვის ერთგვარი პოლიტიკური შინაარსის მქონე გზავნილი იყო, რითაც საზოგადოდ დამკვიდრებული მოსაზრება, რომ ტექნო ცალსახად ანდერგრაუნდის მუსიკაა, ეჭვქვეშ დააყენა. საოცრად ვრცელი მუსიკალური ჰორიზონტების მქონე ადამიანისთვის ელექტრონული მუსიკის სცენაზე არსებული ეს დამოკიდებულება ორგანულად რედუქციონისტულია. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ Surgeon მისი ტექნო-ფსევდონიმია, მაგრამ 1999 წლიდან მოყოლებული, ენტონი ჩაილდი თავისი სახელის ქვეშ სრულიად განსხვავებული შინაარსის მქონე კომპოზიციებს არელიზებს.

Anthony Child –  Caught Dreaming In A Perfect Past

დანტე ალიგიერი “ღვთაებრივ კომედიაში” წერდა, რომ ჯოჯოხეთის კარიბჭეს ასეთი წარწერა ამშვენებდა: “თქვენ, აქ მოსულნო, იმედები დასტოვეთ ყველა!”. ალბათ, ეს ფრაზა კარგად მიესადაგება ენტონი ჩაილდისა და მისი მსმენელის ურთიერთობასაც – კლუბში შესვლამდე ყველანაირი მოლოდინები გარეთ უნდა დარჩეს, რადგანაც პულტთან მრავალფეროვანი მუსიკალური გემოვნებისა და საოცარი საშემსრულებლო ტექნიკის მქონე არტისტი დგას, რომელიც მისი მსმენელის ცნობიერებას იქ წაიყვანს, სადაც თვითონ მოესურვება.